1899 წლის 16 დეკემბერს სასტუმრო Hotel Du
Nord-ში თერთმეტი ადამიანი შეიკრიბა. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ,
ჩამოეყალიბებინათ საფეხბურთო კლუბი, რომელიც კონკურენციას მეორე მილანურ
კლუბს "მედიოლანუმს" გაუწევდა. ახალი კლუბის სახელზე დიდხანს არ უფიქრიათ
და მას Milan Cricker & Foot-ball Club ეწოდა. მისი პირველი
პრეზიდენტი ინგლისელი ალფრედ ედვარდსი გახდა და ამიტომაც იყო, გუნდს
ინგლისურად Milan და არა იტალიური ჟღერადობის Milano რომ დაერქვა.
ახლადდაარსებულ კლუბს პირველი კაპიტანიც ინგლისელი ჰყავდა - გერბერტ
კილპინი მანამდე "მედიოლნუმის" ღირსებას იცავდა. 1900 წლის 15 აპრილს
"მილანმა პირველი ოფიციალური მატჩი გამართა და "ტორინეზესთან" 0:3
დამარცხდა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელებს ყურები არ ჩამოუყრიათ და მეორე
წელს "მილანმა" იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში "მედიოლანუმს" 2:0
სძლია, ნახევარფინალში კი იყო პირველი ისტორიული ჯახი ტურინის
"იუვენტუსთან" - "მილანმა" 2:3 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც წინა წლის
ჩემპიონი "ჯენოა" დაამარცხა და იტალიის ჩემპიონი პირველად გახდა. 1902
წელს "მილანი" იტალიის ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ მატჩში ისევ "ჯენოას"
შეხვდა და იმის მიუხედავათ რომ, 0:2 დამარცხდა, ცხადი იყო - გუნდი მალე
სერიოზულ წარმატებებს მიაღწევდა. 1905 წელს გუნდის სახელიდან სიტყვაCricket
ამოვარდა და კლუბს Foot-ball Club Milan ეწოდა. თან Foot-ball დეფისით
იწერებოდა და გუნდის აბრევიატურაც სხვების მსგავსი FC კი არა, FBC Milan
გახდა.(40 წლებიდან AC Milan). ნელ-ნელა გუნდმა სახელი საერთაშორისო
ასპარეზზეც დაიგდო და ლომბარდიის თასი მოიგო, რაც იმ დროისთვის დიდ
წარმატებად ითვლებოდა. ალფრედ ედვარდსი მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ
რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მის მიერ დაარსებული კლუბი მსოფლიო
მასშტაბის გრანდი გახდებოდა და ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარის
ბრუნვა ექნებოდა, თუმცა, დღეს "მილანი" მძლავრი და რაც მთავარია,
გავლენიანი კლუბია, რომლის სათავეშიც იტალიის პრემიერმინისტრი, სილვიო
ბერლუსკონი დგას. მან კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი 1986 წელს შეიძინა
და დღემდე იმდენი ტიტული მოიგო, რაც მსოფლიოში არცერთ კლუბში არცერთ
პრეზიდენტს არ მოუგია. ამბობენ,ბერლუსკონის
ერა მანამდე გაგრძელდება, სანამ იგი ცოცხალი იქნება, რადგან ისე არის
"მილანზე" შეყვარებული, უმალ პრემიერმინისტრის სავარძელს შეელევა, ვიდრე
თავის პირმშოს, რომელსაც "მილანი" ჰქვიაო